
„აქსიოსი“: დონალდ ტრამპი დღეს გამოაცხადებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აგრესიულ გეგმას, რომელიც კიევისთვის შეტევითი შეიარაღების გადაცემასაც ითვალისწინებს
14/07/2025 10:11:00 მსოფლიო
„აქსიოსის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს გამოაცხადებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების „აგრესიულ“ გეგმას, რომელიც კიევისთვის შეტევითი შეიარაღების გადაცემასაც ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ამერიკული გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ახალ პაკეტში, სავარაუდოდ, შევა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომლებითაც დარტყმების განხორციელება შესაძლებელი იქნება რუსეთის ტერიტორიის შიგნით, მათ შორის მოსკოვზეც.
„აქსიოსის“ ცნობით, ჯერ საბოლოოდ არ არის დადასტურებული, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია. გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში ტრამპი 3 ივლისს ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ დარწმუნდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ საუბრის დროს პუტინმა გასაგები გახადა, რომ შემდეგი 60 დღის განმავლობაში აპირებს, აქტიური ძალისხმევა გასწიოს უკრაინის ტერიტორიების დასაკავებლად.
„მას ყველაფრის წაღება სურს“, – „აქსიოსის“ ცნობით, განუცხადა ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს.
მანამდე ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ტრამპი „ძალიან გაბრაზებულია პუტინზე“. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომლის გაკეთებასაც ტრამპი დღეს გეგმავს, „ძალიან ხისტი იქნება“.
ცნობისთვის, 13 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას საჰაერო-თავდაცვითი სისტემის, „პეტრიოტის“ რაკეტებს გადასცემს. მან დააზუსტა, რომ ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გადაცემული რაკეტების ნაწილის ღირებულებას ევროკავშირი აანაზღაურებს.