Accentnews.ge
„ეს იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული წერილი“ - აშშ-ის ელჩი „ოცნების“ ტრამპისადმი არასაჯარო წერილზე

„ეს იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული წერილი“ - აშშ-ის ელჩი „ოცნების“ ტრამპისადმი არასაჯარო წერილზე

06/07/2025 18:30:00 პოლიტიკა

„რადიო თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“.

დანიგანის თქმით, ხალხი ძალიან გაოცებული იყო მსგავსი წერილის გამოგზავნით.

დანიგანი ქრონოლიგურად იხსენებს მოვლენების განვითარებას, მისი თქმით, ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ადმინისტრაციის პირველ დღეებში ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს და დალაპარაკებოდა საქართველოს მიმართ პოლიტიკაზე და ჰქონოდა გზამკვლევი, კერძოდ, „რა სურდათ, რომ ყოფილიყო მათი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის.

„მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს [მაკა ბოჭორიშვილს] და ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას. 

სამი დღის შემდეგ – და ხაზს ვუსვამ, ჩვეულებრივ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი.

ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად.

ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილისგამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს ელჩი. 

რობინ დანიგანი ასევე აცხადებს, რომ მას სურდა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წერილზე ჰქონდა პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც სთხოვა, რომ ეს პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად გადაეცა, თუმცა ივანიშვილისგან უარი მიიღო.

„ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერმინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა უარი“, – განაცხადა ელჩმა.

დანიგანი აცხადებს, რომ „პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით“ შეხვდება, თუმცა „ცალკე მას არ უთხოვია ჩემთან შეხვედრა“.

„მაგრამ, მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა უარი. ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერ-მინისტრისთვის მიმეცა“, – აზუსტებს ის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კითხა თუ არა რობინ დანიგანმა ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაეცა გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ირაკლი კობახიძისათვის, ელჩმა განაცხადა:

„ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი. ყველაზე უცნაური ის არის, რომ, რასაც ის ითხოვს – ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნება, – არც ისე რთულია“, – განაცხადა ელჩმა.

რობინ დანიგანმა ასევე განმარტა, რომ „ერთ-ერთი პირველი რამ, უპირველესად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა“.

„ხომ გესმით – აშშ-ის შესახებ ისეთი რაღაცების თქმა, რაც არ არის სიმართლე. „ქართული ოცნება“ ამბობს უამრავ რამეს აშშ-ზე, რაც არ არის სიმართლე: რომ ჩვენ ვცდილობდით აქ მეორე ფრონტის დაწყებას – არ არის სიმართლე; რომ ჩემი წინამორბედი ცდილობდა აქ რევოლუციის გაღვივებას – არ არის სიმართლე; რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე – არ არის სიმართლე; რომ მე ჩემმა მთავრობამ გამიწვია – არ არის სიმართლე. შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა“, – თქვა ელჩმა.

5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რობინ დანიგანმა აშშ-ის ელჩის თანამდებობა დატოვა – მისი განცხადებით, ეს პირადი გადაწყვეტილება იყო. ის საქართველოს ივლისში დატოვებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S