Accentnews.ge
რუტე: გამოყენებული იქნება NATO-ს სრული ძალა, პუტინმა ეს იცის, სწორედ ამიტომ არ დაესხმება თავს ახლა ესტონეთს

რუტე: გამოყენებული იქნება NATO-ს სრული ძალა, პუტინმა ეს იცის, სწორედ ამიტომ არ დაესხმება თავს ახლა ესტონეთს

06/07/2025 11:14:00 მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი ახლა არ დაესხმება ესტონეთს, თუმცა შესაძლოა, 5-7 წელიწადში ასეც მოიქცეს.


The New York Times-თან ინტერვიუსას რუტეს შეახსენეს The New Yorker-ის სტატია. მასში საუბარი იყო ესტონეთში ჩატარებულ წვრთნებზე, რომლებიც ქვეყნის მზადყოფნის შესამოწმებლად ჩატარდა რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის.


კერძოდ, იქ საუბარი იყო, რომ ესტონეთს არ ჰყავს საჰაერო და საზღვაო ძალები. გარდა ამისა, წვრთნების დროს, თავდამსხმელი არმიის როლს ასრულებდა გუნდი, რომელსაც "შესაძლებლობებში უპირატესობა“ ჰქონდა - უფრო მეტი მძიმე ჯავშანტექნიკა და შორი მოქმედების იარაღი იყო. ამ ფონზე, რუტეს ჰკითხეს, წარმოადგენდა თუ არა ეს წვრთნები საგანგაშო სიგნალს.


"არა. ის, რაც The New Yorker-მა აღწერა, მართალია, მაგრამ ეს ჩვენთვის განგაშის სიგნალი არ არის, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს ყველა საჭირო გეგმა ესტონეთზე თავდასხმის შემთხვევაში და რუსებმა ეს იციან - ჩვენი პასუხი დამანგრეველი იქნება“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.


მისივე თქმით, დეტალებს ვერ ჩაუღრმავდება, რადგან დარწმუნებულია, რომ პუტინი ამ პროგრამებს აკვირდება.


"ჩვენ არა მხოლოდ უნდა გვქონდეს ეს გეგმები, არამედ უნდა უზრუნველვყოთ ადამიანებისა და სამხედრო ტექნიკის ხელმისაწვდომობა მათი განსახორციელებლად და სწორედ ამიტომ ჩვენ მეტი უნდა დავხარჯოთ (თავდაცვაზე)“ - აღნიშნა მან.


რუტემ განმარტა, რომ პუტინი ამ ეტაპზე ესტონეთს თავს არ დაესხმება, რადგან ნატოს და შეერთებული შტატების ძალა თავდაცვისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში შეჭრის მცდელობა შესაძლებელია.


"საქმე იმაში არ არის, რომ ესტონელები მარტო დარჩებიან. გამოყენებული იქნება ნატოს სრული ძალა, მათ შორის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა, რომელიც მათ დასახმარებლად მოვა. პუტინმა ეს იცის. სწორედ ამიტომ არ დაესხმება თავს ახლა ესტონეთს. თუმცა, შესაძლოა, ეს 5 ან 7 წელიწადში გააკეთოს, თუ ყველა საჭირო დამატებით ინვესტიციას არ განვახორციელებთ“, - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი.


რუტეს ასევე ჰკითხეს, დარწმუნებულია თუ არა, რომ შეერთებული შტატები დაიცავს ესტონეთს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ აიღო მკაფიო ვალდებულება ევროპის დაცვის შესახებ.


"100%-ით. ეჭვი არ მეპარება და ეს აბსოლუტურად ნათელი იყო ჰააგაში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე. გარდა ამისა, ყველაფერი, რაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან განვიხილე - ეჭვის ნატამალიც არ არის: აშშ სრულად ერთგულია ნატოს მიმართ და სრულად უჭერს მხარს მე-5 მუხლს“, - განაცხადა რუტემ.


მისივე თქმით, არსებობდა ერთი მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორი, კერძოდ, ის ფაქტი, რომ "ევროპელები არ იხდიდნენ თავიანთ სამართლიან წილს“.


ამავე ინტერვიუში რუტემ განაცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია აიძულოს რუსეთი, თავს დაესხას ნატოს ქვეყნებს, რათა ბლოკის ყურადღება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან გადაიტანოს.


ის მიიჩნევს, რომ თუ პეკინი გადაწყვეტს ტაივანზე თავდასხმას, დიდი ალბათობით, ის რუსეთს გამოიყენებს ევროპაზე თავდასხმისთვის.


რამდენიმე კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რათა გამოცადოს ალიანსის სიძლიერე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S