
საბა ბუაძემ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭო და პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, თუმცა პარტიის წევრად რჩება
05/07/2025 15:29:00 პოლიტიკა
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ პარტიის პოლიტსაბჭო და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, თუმცა პარტიის წევრად რჩება.
ამის შესახებ ბუაძე „ფეისქბუზე“ წერს.
მისი განმარტებით, არ ეთანხმება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
„ამ კვირების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მკითხა როგორია ჩემი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. რადგან პარტიის პოზიცია უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო, მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას:
1. ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ;
2. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი;
3. ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე!“,- წერს ბუაძე.