
ბრაჭველი - საპროცესო კოდექსში ცვლილებებზე: ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის
02/07/2025 12:28:00 პოლიტიკა
იურისტი საბა ბრაჭველი „ქართული ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის. ცვლილების მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაძლოა, დაიფაროს.
„მატერიალურ კოდექსში ხომ ცალკე შემოიტანეს 6 წლამდე ციხე ხუთი გრამი მარიხუანას ფლობისთვის, მაგრამ საპროცესო კოდექსში კიდევ უარესი ქნეს.
ახალი ცვლილებებით სრულად საიდუმლოვდება საკვანძო მოწმეების ვინაობა, რომელსაც ბრალდება და გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს. კერძოდ, იმ პირ(ებ)ის ვინაობა, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, შეიძლება დაიფაროს გამოძიების ყველა მასალაში, საპროცესო დოკუმენტში, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. მისი ვინაობა არსად არ მიეთითება, შეუძლებელი იქნება მისი ამოცნობა, სასამართლო დარბაზში დაკითხვა.
ეს ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს ისეთ მთავარ მტკიცებულებას - მოწმის ჩვენებას, ვისი ვინაობაც არავინ იცის პროკურორის და მოსამართლის გარდა, ვისი გამოკვლევის უფლება დაცვის მხარეს არ მისცემია და დაცვის მხარეს ელემენტარულად იმის გადამოწმებაც კი არ შეუძლია, ერთ ცრუ მოწმეს ხომ არ იყენებენ ყველა საქმეში (რაშიც აქამდე შსს არაერთხელ გამოუჭერიათ).
ეს არ არის ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის, რომელსაც ვეღარც ჟურნალისტები გააშუქებენ, ვეღარც კამერები გადაიღებენ და ახლა უკვე - ვეღარც თვითონ დაცვის მხარე გამოიკვლევს სათანადოდ. ეს არის ქოცების მართლმსაჯულება და ვისაც ეს წესები მოგწონთ, ამავე კანონებით განსჯა მისურვებია.
ხოლო ჩვენ, ვინც საღამოობით სუფთა ჰაერზე ვიკრიბებით, ეს ტრადიცია პირბადეებით უნდა გავაგრძელოთ და, შეძლებისდაგვარად, მარტოებმა არ ვიაროთ ხოლმე. დანარჩენი უცვლელია", - წერს ბრაჭველი.
ცვლილებების მიხედვით, პირის ვინაობის დაფარვა შესაძლებელი იქნება გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით.
ყველა მასალაში, საპროცესო დოკუმენტში ამ პირის ვინაობა იქნება დაფარული. სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხული იქნება მისი ვინაობის იდენტიფიცირება ან/და ამოცნობა.
გამოკითხვის ოქმში არ მიეთითება ამ პირის ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.