
ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო
06/03/2020 14:05:55 ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო.
„სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა მიეცემათ. შემცირდება, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების რაოდენობა“,– აღნიშნულია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
როგორც სებ-ში აღნიშნავენ, რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პირველ არხს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, ამ ეტაპზე რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებით დოკუმენტის იურიდიული შეფასება მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ძალაში ამის შემდეგ შევა. შესაბამისად, დეტალებიც შემდეგ გახდება ცნობილი.