Accentnews.ge
განათლების მინისტრის თანამდებობაზე გივი მიქანაძე წარადგინეს

განათლების მინისტრის თანამდებობაზე გივი მიქანაძე წარადგინეს

30/06/2025 17:40:00 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე გივი მიქანაძე წარადგინა. იგი ალექსანდრე წულაძეს შეცვლის, რომელმაც "პოსტის" დატოვების თაობაზე ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

"რაც შეეხება ახალ მინისტრს, მინდა წარმოგიდგინოთ გივი მიქანაძე, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. ორი სიტყვა მინდა, რომ ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, დიდ ბრიტანეთში „ესექსის“ უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მოგეხსენებათ, მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის ფართო გამოცდილება, ასევე, ფართო პოლიტიკური გამოცდილება, ასევე, უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქვს ფართო გამოცდილება. ის იყო წლების განმავლობაში შსს-ს აკადემიის ლექტორი, იყო ლექტორი და პედაგოგი სხვადასხვა უნივერსიტეტში წლების განმავლობაში. ასევე, არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ არის იდეალური კანდიდატი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა, მას ამ თანამდებობაზე წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

მან მადლობა გადაუხადა ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის. წულაძე ბრიფინგს არ ესწრებოდა.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტროში, რასთან დაკავშირებითაც ორიოდე დღის წინ, დეტალური ანგარიში ჩავაბარეთ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ალექსანდრე წულაძეს და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში", – განაცხადა კობახიძემ. 

გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ აქვს „მაქსიმალური მზაობა" და "ნდობა, რომელიც მასთან მიმართებაში პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გამოთქმული, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოახმაროს“. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S