Accentnews.ge
სააპელაციოს უარის მიუხედავად, არასამთავრობოები ანტიკორუფციულს ინფორმაციას არ გადასცემენ

სააპელაციოს უარის მიუხედავად, არასამთავრობოები ანტიკორუფციულს ინფორმაციას არ გადასცემენ

30/06/2025 11:39:00 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი და „გადაწყვეტილება სულ ცოტა 10 კანონის დარღვევით გამოიტანა”.

საქმე ეხება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოთხოვნილ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას.

როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, მათ საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც არ იკრძალება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობებით, შეუძლიათ გაეცნონ მათ ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, დამატებით დოკუმენტებს არ გაუგზავნიან.

„კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ნდობის ღალატს,”, – აცხადებენ ისინი.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სრულად:

„ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლავ ვაპროტესტებთ ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომელიც კლანურმა სასამართლომ მორჩილად დააკმაყოფილა.

2025 წლის ივნისში ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით მოგვთხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების შესახებ, ასევე ინფორმაცია ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ, რომლის თავმჯდომარე აშშ-სა და ბრიტანეთისგან სანქცირებული ჩინჩალაძეა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება სულ ცოტა 10 კანონის დარღვევით გამოიტანა.

მოთხოვნები, მათ შორის, ეწინააღმდეგება: – საქართველოს კონსტიტუციას; – პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას; – უფლებადამცველთა კონფიდენციალობის საერთაშორისო სტანდარტებს; – ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ნდობის ღალატს. არავის მივცემთ წვდომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარებივართ.

ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ. ჩვენს საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც არ იკრძალება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობებით, შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ამიტომ, ჩვენ მათ დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით.

ივანიშვილი თავისი რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განადგურებას პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს. ეს ივანიშვილის ანტი-დასავლური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის მოშლას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განადგურებას ემსახურება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად”.


ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, უფლებადამცველ ორგანიზაციებს სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. არასამთავრობოების განცხადებით, ბიურო მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მოითხოვს.

ბიურო ინფორმაციის გაცემას ორგანიზაციებისგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე მითითებით მოითხოვს.

ბიურო ორგანიზაციებს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდის ინფორმაციას სთხოვს.

ორგანიზაციების შეფასებით, მოთხოვნა არ ეყრდნობა „სამართლებრივ საფუძვლებს“ და არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“.

18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ 5 არასამთავრობოსგან ინფორმაციის გამოთხოვა ამ ორგანიზაციებში პოლიტიკური საქმიანობის გამოვლენას უკავშირდება.

კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია არ სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს და ემსახურება მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S