„გუშინ, პირველად, პრეზიდენტმა გოლფის თამაშისას მითხრა, რომ დროა, ეს კანონპროექტი წინ წავწიოთ“, - თქვა გრემმა. მისი განცხადებით, სენატორები ტრამპს ინსტრუმენტს აძლევენ, რათა აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინასთან მოლაპარაკებები გამართოს.
გრემმა ასევე ისაუბრა კანონპროექტის ამუშავების მექანიზმზე. თუ რომელიმე ქვეყანა გააგრძელებს რუსეთისგან საქონლის შეძენას და ამავე დროს არ დაეხმარება უკრაინას, მაშინ მისი ექსპორტი შეერთებულ შტატებში 500-პროცენტიანი გადასახადით დაიბეგრება, დააზუსტა სენატორმა. მან ასეთი ქვეყნების მაგალითებად ინდოეთი და ჩინეთი მოიხსენია, რადგან ისინი რუსეთისგან ენერგორესურსებს ყიდულობენ და ამით მხარს უჭერენ რუსეთის თავდაცვის სექტორს.