
კალასი: არც კი ვიცი, რა სიტყვა გამოვიყენო დემონსტრანტების სასჯელებზე საუბრისას, მოსამართლეების დასანქცირების საკითხს კვლავ განვიხილავთ
24/06/2025 09:00:00 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ გაგრძელდება დისკუსია, რათა ქართველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესონ.
ამის შესახებ მან 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოში მზარდი რეპრესიები, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებსა და მედიაზე თავდასხმები. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ დამატებითი შემზღუდავი ზომები პასუხისმგებელ პირებზე", – განაცხადა კალასმა.
შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე მას ქართველმა ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ შემდეგი კითხვით მიმართა:
"მოვისმინეთ თქვენი განცხადება საქართველოს შესახებ, მაგრამ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც თქვენ შეხვედრას მართავდით, საქართველოში კიდევ ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს. ამ დროისთვის საქართელოში უკვე 5 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაპატიმრებული. როგორ შეაფასებდით ამ ვითარებას და უნდა ველოდოთ, რაიმე კონკრეტულ საპასუხო ნაბიჯებს ევროკავშირისგან უახლოეს მომავალში?"
"დიახ, დღეს ჩვენ ესეც განვიხილეთ. ვგულისხმობ სანქციების საკითხს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამას აკეთებენ. თუ გადავხედავთ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიღებულ სასჯელის ზომებს – არც კი ვიცი, რა სიტყვა გამოვიყენო – ეს უკიდურესად არაპროპორციულია. ეს ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ჩანს, ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა დისკუსია, რომ სანქციები დავუწესოთ მოსამართლეებს, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ დღეს და ამ საკითხის განხილვას ივლისშიც დავუბრუნდებით. ამ საკითხზე შეთანხმებას ამ ეტაპზე ვერ მივაღწიეთ. ვიმედოვნებ, ჩვენ რაიმე მოძრაობას მივაღწევთ ამ კუთხით შემდეგ შევედრაზე. ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის ან საქართველოს დასჯა, ჩვენი მიზანია იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს“, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა.