
„ერთ თვალში მხედველობა აქვს 10 %, მეორეში – 0,4 %“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი
23/06/2025 21:04:00 პოლიტიკა
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელს დაკავებამდე მხედველობის პრობლემა ჰქონდა, რომელიც კიდევ უფრო გაუარესდა.
„ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შედეგები მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაასაჯაროვა.
„ვივამედში“ 6 თებერვალს ჩატარებული კვლევის თანახმად, მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალზე შეუმცირდა მხედველობა და 10%-მდე ჩამოვიდა.
სათვალით კორექციის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40 %-მდე. მაშინ, როდესაც დაკავებამდე, ფორმა 100-ის მიხედვით, სათვალის შემთხვევაში ჰქონდა შანსი, რომ 90 %-მდე გაზრდილიყო.
ახლა ამის შანსი აღარ აქვს. ხოლო მარცხენა თვალში მისი მხედველობა გახლავთ 0,04 %. შესაბამისად, მზია ამაღლობელის მარცხენა თვალის გარჩევადობა ფაქტობრივად სინათლე-სიბნელის ტოლია“, – თქვა 23 ივნისს გამართულ სასამართლოს ხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.
ფორმა 100-ის მიხედვით, რომელიც მზია ამაღლობელის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდეა გაცემული, მზია ამაღლობელი მარჯვენა თვალიდან ხედავდა 30%-ს (სათვალით შეეძლო 90%-მდე გაეუმჯობესებინა), მარცხენა თვალით კი ხედავდა 2%-ს (სათვალით შეიძლებოდა გაუმჯობესებულიყო 8%-მდე).
ადვოკატის მიერ დღეს გავრცელებული ახალი ფორმა 100-ის თანახმად, მარცხენა თვალიდან მზია ამაღლობელი პრაქტიკულად ვეღარ ხედავს.