
ლევან სამუშია: რეჟიმი აგონიაშია, ჩვენს ლიდერებს არაფრის ეშინიათ!
23/06/2025 18:06:00 პოლიტიკა
რეჟიმი აგონიაშია - არავინ იფიქროს, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ტყვეობით, „ლელო -ძლიერი საქართველო“ შეწყვეტს ბრძოლას , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლემ ბადრი ჯაფარიძეს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის ე.წ. დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც მზად იყვნენ ამ განაჩენისთვის, ქვეყნის გათავისუფლებისთვის.
„დასაბუთებას ნუ მოითხოვთ. დასაბუთება ხდება სამართლებრივ პირობებში. ოდნავ სამართლებრივი არ არსებობს, რის დასაბუთებაზეა საუბარი?! - ბადრი ჯაფარიძესაც, როგორც მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პოლიტიკური ტყვეობა მიუსაჯა რუსულმა რეჟიმმა და ხელისუფლებამ. ყველანაირ საფუძველზე საუბარიც ზედმეტია. მინდა მივმართო მათ, რომ ვერავის შეაშინებთ! ბადრი ჯაფარიძეც, მამუკა ხაზარაძეც, ორივენი მზად იყვნენ ამ განაჩენისთვის. ისინი მზად იყვნენ ყველაფრისთვის ქვეყნის გულისთვის, ქვეყნის გათავისუფლებისთვის. არავინ იფიქროს, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ტყვეობით, „ლელო -ძლიერი საქართველო“ შეწყვეტს ბრძოლას. ამის იმედი ნურავის ექნება! ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენი ლიდერები, მიუხედავად მათი პოლიტიკური ტყვეობისა, გააგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის. რეჟიმი აგონიაშია. არავის არაფრის ეშინია, ჩვენს ლიდერებს არაფრის ეშინიათ!“- განაცხადა ლევან სამუშიამ.
ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას ე.წ. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.