
მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
23/06/2025 15:22:00 პოლიტიკა, სამართალი
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.
სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ზვიად შარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 ივნისს გამოაცხადა.
ამასთან, მას აკერძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.
ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მას ამ საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, გადაიხადა.
მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურა ჯაფარიძეს („კოალიცია ცვლილებისთვის“), რომელიც უკვე პატიმრობაშია, რადგან გირაო არ გადაიხადა.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარე ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანია.