
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეუფარდეს
23/06/2025 13:18:00 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეტის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 21 ივნისს განაცხადეს, რომ რომეო მიქაუტაძე დააკავეს.
სის–ის ცნობით, მიქაუტაძე 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში, როდესაც მას სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, თანამდებობრივ გავლენას „სანაცნობო წრისა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად“.
როგორც სუს–ი აცხადებს, სანაცვლოდ რომეო მიქაუტაძე ენერგო კომპანიებში, ჰესებში, საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა, თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.
პროკურატურამ მიქაუტაძეს ბრალი 21 ივნისს წაუყენა.
"2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.
ბრალდებულმა კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობასაც ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები:
2023 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ოჯახმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, 120 კვ.მ. ბინის შესაძენად, საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599 955 ევრო. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ბრალდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან, რაც მას 2023 წლის 26 ივნისს აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე.
ვინაიდან აღნიშნული 600 000 ევროს ( 1 713 600 ლარის) ლეგალური გზით წარმომავლობა ბრალდებულს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის გაურკვეველი წარმოშობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულსა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების შეთანხმების შედეგად, დამზადდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოს, ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში 600 000 ევრო უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას. რეალურად კი, ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ზემოაღნიშნული კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842 592 ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე.
გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ხსენებული მეთოდებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გამოძიება გრძელდება", – აცხადებენ პროკურატურაში.