
გიდეონ საარი: აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა, მან აჩვენა, რომ იმსახურებს თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის წოდებას
22/06/2025 09:20:00 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა. თავისი თამამი გადაწყვეტილებით, დაარტყას ირანის ბირთვულ ობიექტებს, მან აჩვენა, რომ იმსახურებს თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის წოდებას. ის მარადიულად ემახსოვრებათ როგორც ებრაელი ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს ნამდვილი მეგობარი“, – აღნიშნავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
გიდეონ საარი ასევე შეეხო 13 ივნისს ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაზე და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის მოსახლეობის განადგურების საფრთხე აღმოფხვრა. მისი თქმით, ამ თამამ ისტორიულ ნაბიჯს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობდა, რომელმაც თვალსაჩინო ლიდერობა აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. შეტევა განხორციელდა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, რომლებიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრებს წარმოადგენენ.
დონალდ ტრამპა ოპერაციას წარმატებული უწოდა.