
"ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!": კომუნიკაციების კომისიასთან აქცია გაიმართა
19/06/2025 18:29:00 საზოგადოება
მედიის მხარდასაჭერად ჟურნალისტები და მოქალაქეები თბილისში, მეტროს სადგურ "ავლაბრის" მიმდებარედ შეიკრიბნენ, საიდანაც კომუნიკაციების კომისიის შენობისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს და აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას და გამოხატვის თავისუფლებას.
დემონსტრანტებს გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით: „ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!“.
კომისიაში განიხილება მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საჩივარი სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ. კერძოდ, "ქართულმა ოცნებამ“ ტელეკომპანიებს – „პირველს“, "მთავარსა" და "ფორმულას", კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა სხვადასხვა ტერმინის, მათ შორის „რეჟიმი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ გამოყენების გამო. პარტია კომუნიკაციების კომისიას სთხოვს, “მაუწყებლობის შესახებ” კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის ამ ტელეკომპანიებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.