Accentnews.ge
მზია ამაღლობელის საქმეზე ევროპარლამენტში 7 რეზოლუცია წარადგინეს

მზია ამაღლობელის საქმეზე ევროპარლამენტში 7 რეზოლუცია წარადგინეს

19/06/2025 08:55:00 პოლიტიკა, საზოგადოება

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე ევროპარლამენტში 7 რეზოლუცია წარადგინეს. 

“ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ყველა იმ ქართველის სიმბოლო გახდა, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დააპატიმრა”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში 18 ივნისს ჩატარებულ დებატებზე საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის, კონკრეტულად კი მზია ამაღლობელის შესახებ.

მისი თქმით, საქართველოში ვითარება ყოველდღე უარესდება.

“საჭიროა სერიოზული სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ […] ჩვენ მათ წინააღმდეგ ყოველგვარი ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ და აღარ ვთხოვოთ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. ისინი აღარ დაბრუნდებიან”, –განაცხადა იუკნევიჩიენემ, რომელიც რეზოლუციის ერთ-ერთი პროექტის ავტორია.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტმა ტობიას კრემერმა აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” თავისუფალი პრესის ეშინია".

გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა, რომ "მზია ამაღლობელი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ მას პროტესტის გამოხატვის გამბედაობა ეყო".

ამასთან, ევროდეპუტატმა დანიუს ზალიმასმა თქვა, რომ "ქართული სამოქალაქო საზოგადოება ბრძოლას განაგრძობს".

"მათ ვერ მივატოვებთ, თუ ჩვენ მართლაც ვისწრაფვით დემოკრატიისაკენ”, – დასძინა მან.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტმა დანილო დელა ვალემ შემდეგი აღნიშნა:

“სიტყვები საკმარისი არაა, უნდა ვიმოქმედოთ”.

ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა თქვა, რომ "მზია ამაღლობელის საქმე პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე”.

განსხვავებული იყო რეზოლუციის მეშვიდე პროექტის ავტორის პეტრ ბისტრონის გამოსვლა. მან განაცხადა, რომ ევროპარლამენტი სიტყვის თავისუფლებას იცავს და არა “NGO აქტივისტს, რომელიც პოლიციელს დაესხა თავს და ახლა ციხეშია”.

"მხარი დაუჭირეთ რეპორტიორებს და არა NGO–ების წარმომადგენლებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის ცვლილება სურთ“, - თქვა მან.

საბოლოო რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს 19 ივნისს უყრის.

ცნობისთვის: მზია ამაღლობელი უკვე 149 დღეა, პატიმრობაშია. მის გათავისუფლებას ითხოვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ასევე - ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნების არაერთი მთავრობა. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდება აქვს წარდგენილი და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S