Accentnews.ge
მაია ცქიტიშვილი: ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, გზის გაყვანის საჭიროებაზე - ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა

მაია ცქიტიშვილი: ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, გზის გაყვანის საჭიროებაზე - ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა

17/06/2025 22:19:00 პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მინისტრობის პერიოდში მას ჰქონდა ინფორმაცია როგორც ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების, ასევე, გზის გაყვანის საჭიროების შესახებ.

შესაბამისი განცხადება ცქიტიშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა.

ცქიტიშვილის თქმით, ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისიდან დაწყებული იყო მსჯელობა ჩორჩანაში ბორდერიზაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით, ამიტომ ხელისუფლებას იმ დროისთვის არსებული საფრთხეები უკვე შეფასებული ჰქონდა, ხოლო კონკრეტული ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით განხორციელდა.

„ჩორჩანასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით ვალდებული ვიყავი გამეცა პასუხები.

მე მაშინ ვიყავი ინფრასტრუქტურისა და რეგიონლაური განვითარების მინისტრი, ჩემთვის ცნობილი იყო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე გზის გაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით, რადგან არსებობდა როგორც ტერიტორიების მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის გააქტიურებული პროცესები. ვისთან რა ფორით იყო შეთანხმებული არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გზის გაყვანის პროცედურები დაიწყო.

ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში მსჯელობა ჯერ კიდევ დაიწყო 2019 წლის დასაწყისში. ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა, შესაბამისად, მე ვარაუდობ, რომ სწორედ ეს იყო საფრთხედ შეფასებული. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული ის ღონისძიებები, რომელიც იყო“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; ჩორჩანას მკვიდრი ალექსანდრე ლომიძე და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S