
SJC მაჩალიკაშვილის საქმეზე: საქართველო ვალდებულია, გამოძიება განაახლოს
17/06/2025 20:02:00 პოლიტიკა
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების პროგრესი და საქართველოს მიმართა, წარადგინოს ინფორმაცია იმ დამატებითი შესაძლო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს გამოძიების ხარვეზების სრულად აღმოსაფხვრელად, მათ შორის, გამოძიების შედეგებზე დამოუკიდებელი საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის უზრუნველყოფით.
აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაყრდნობით, ზოგადი ღონისძიებების გატარებაც დაავალა. კერძოდ, საქართველომ უნდა წარადგინოს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოძიების ფარგლებში საიდუმლოდ ცნობილი ინფორმაციის დაზარალებულისთვის გადაცემის დაგვიანების თავიდან აცილებას. აგრეთვე, საქართველო ვალდებულია, კომიტეტს აცნობოს, რა ღონისძიებები გატარდა, ან გატარდება სპეციალური საპოლიციო ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების სათანადოდ დოკუმენტირებისთვის“, – აცხადებს ორგანიზაცია.
SJC-ის შეფასებით, კომიტეტის გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მათი ლეგიტიმური ინტერესების მრავალწლიანი უგულებელყოფის მიუხედავად, კვლავ გააგრძელონ სამართლიანობის აღსადგენად და მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სათანადოდ გამოსაძიებლად.
2023 წლის 19 იანვარს, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) პროცედურული ნაწილის დარღვევა – არაეფექტიანი და ხარვეზიანი გამოძიების გამო. სასამართლომ ვერ დაადგინა სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა.
„სოციალური ცენტრის განცხადება“ ვრცლად იხილეთ ბმულზე.