
ისრაელის «ქართული» პარტია შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
06/03/2020 10:41:36 საგარეო პოლიტიკა
პარტიამ «ა-ხაზონი», რომლის სიის პირველ ათეულში 5 ქართველი ებრაელი ფიგურირებს, საარჩევნო ბარიერი (3.25%) ვერ გადალახა. მემარჯვენე-ლიბერალური პარტიის ლიდერმა ციონ ალონმა განუცხადა «Эхо Кавказа»-ს, რომ მსგავსი მიზანი პოლიტიკურ ძალას არც ჰქონია და იგი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებს მზადებას.
«ჩვენ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩამოვყალიბდით. არსებობს გარკვეული ეტაპები, რომელიც ახალმა პარტიამ უნდა გაიაროს – ესაა რეგისტრაცია და ყველაფერი დანარჩენი, რაც საორგანიზაციო, იურიდიულ სიბრტყეს უკავშირდება. ბუნებრივია, არ გვქონდა იმის იმედი, რომ ამ ყველაფერს ორ თვეში მოვასწრებდით და შემდეგ 120-130 ათას ხმას მივიღებდით. ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ორთვიან ვადაში», - აღნიშნა ალონმა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე ძალები 58 მანდატს იღებენ. მთავრობის ფორმირებისთვის კი აუცილებელია 61 ხმა.
«არც მემარჯვენე, არც მემარცხენე ბანაკს აქვს დამოუკიდებლად უმრავლესობა. ავიგდორ ლიბერმანის პარტია «ჩვენი სახლი - ისრაელი» კვლავინდებურად ამყოფებს მთელ ქვეყანას ტყვეობაში», - ამბობს ალონი.
იგი არ გამორიცხავს, რომ სამთავრობო კოალიციის ფორმირების საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდეს.
“ასეთ შემთხვევაში მორიგი არჩევნები 4-5 თვეში გაიმართება. “მყიფე” უმრავლესობის შემთხვევაში კი ახალი არჩევნები 1-1,5 წელიწადში ჩატარდება”, - თვლის პარტია «ა-ხაზონის» ლიდერი.