Accentnews.ge
იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა

იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა

06/03/2020 10:33:16 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 162 ადამიანი.

დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს:

  • საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ:ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;

ან

  • საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

დროებით შეჩერდება პირდაპირი ფრენები იტალიასთან.საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

დღევანდელ სხდომაზე კვლავ აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 30 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3042–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 552 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 3,383 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 97 000–ს გადააჭარბა. 55 600–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S