
შემოსავლების სამსახურის უფროსად დაჩი ბერაია დანიშნეს
16/06/2025 15:56:37 პოლიტიკა
ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი, მანამდე კი „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე დაჩი ბერაია შემოსავლების სამსახურის უფროსად დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრეს–სამსახური ავრცელებს.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამ დრომდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს.
1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 2025 წლის 2 აპრილიდან 16 ივნისამდე ხელმძღვანელობდა.
ბერაია 2016 წლიდან „ქართულ ოცნებაში“ იყო, 2022 წლის 4 ოქტომბერს კი შეუერთდა „ხალხის ძალას“.მან ორივე ჯერზე დაუჭირა მხარი „აგენტების კანონს“.
დაჩი ბერაია 2016-20 და 2020-24 წლების მოწვევის პარლამენტარი იყო. იგი ასევე დეპუტატი იყო 2024 წლის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ "ქართული ოცნების" პარლამენტშიც.