
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, ჩვენი მამაცი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს
13/06/2025 07:37:00 მსოფლიო
ისრაელი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია, ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, რამდენიმე წუთის წინ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“.
„ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, ისრაელისა და ყველა ერის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც სიკეთის ბოროტებაზე ბრძოლა სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისთვის. ჩვენი მამაცი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ოპერაციის მიზანია „ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ირანის ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე დარტყმა“.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს ისრაელისთვის ზიანის მიყენებისთვის.
„ჩვენ ამისთვისაც მოვემზადეთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ირანმა ბოლო თვეებში უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ბირთვული იარაღის შექმნისკენ.
„ამ ნაბიჯებმა ირანი მოკლე დროში ბირთვული იარაღის შექმნასთან უფრო ახლოს მიიყვანა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ეს საფრთხეები მომავალ თაობას დავუტოვოთ. რადგან თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, სხვა თაობა აღარ იარსებებს. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, უბრალოდ აქ აღარ ვიქნებით. ჩვენ ისტორიის გაკვეთილები გავითავისეთ. როდესაც მტერი ამბობს, რომ შენს განადგურებას აპირებს, დაუჯერე მას. როდესაც მტერი შენი განადგურების შესაძლებლობებს განავითარებს, შეაჩერე იგი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის.
„დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა ნათლად, რომ ირანს არასდროს არ უნდა მიეცეს უფლება, ბირთვული იარაღი მოიპოვოს. მადლობას ვუხდი მას ჩვენი ქვეყნისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ირანის სახელმწიფო მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის მიერ ირანის დედაქალაქში საცხოვრებელი შენობების დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.