Accentnews.ge
სასამართლომ "პოსტების" გამო ჟურნალისტების და აქტივისტების ნაწილი დააჯარიმა

სასამართლომ "პოსტების" გამო ჟურნალისტების და აქტივისტების ნაწილი დააჯარიმა

12/06/2025 20:49:00 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ "პოსტების" გამო ჟურნალისტების და აქტივისტების ნაწილი დააჯარიმა.

სასამართლოში „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფის“ საქმეზე 12 ივნისისთვის 18 ადამიანის სასამართლო სხდომები იყო დანიშნული. ამ საქმეების ნაწილზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა, სასამართლო სხდომების ნაწილი კი გადაიდო.

სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი 3000 ლარით დააჯარიმა.

მამისეიშვილის ფეისბუქ-პოსტი "ქართული ოცნების" ერთ–ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს ეხებოდა.

სასამართლომ ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძეც დააჯარიმა.

მშვილდაძე 4000 ლარით დააჯარიმეს მის მიერ თებერვალში "ქართული ოცნების"  პარლამენტის თავმჯდომარეზე შალვა პაპუაშვილზე დაწერილი "პოსტის" გამო.

გარდა ამისა, სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით აქტივისტ მარიამ გეგუჩაძეს 3000–ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის 4000 -ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

პარტია "მოქალაქეების" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი კი, რომელსაც "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფას" ედავებოდნენ, თავისი სასამართლო პროცესიდან გააძევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდერბერგერმა და "სასამართლოს უპატივცემლობის" გამო 500 ლარით დააჯარიმა.

გადაიდო ჟურნალისტების ვიკა ბუკიასა და ვახო სანაიას, პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, აქტივისტ ანა სუბელიანის, უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელ ბაია პატარაიას, აქტივისტ დავით ქაცარავას, აქტივისტ ქეთი მოლაშვილის სასამართლო სხდომები. მოლაშვილს "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატების თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებიან. საქმეზე სხდომა 20 ივნისისთვის გადაიდო. ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 13 ივნისს გაგრძელდება.

ხვალ გამოცხადდება ჟურნალისტ ეკა მიშველაძის იდენტურ საქმეზე გადაწყვეტილება.

"ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ მისი და პარტიის სხვა წევრების საჩივრების საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო სასამართლოში დაბარებული ადამიანებიდან "არავის არ დაიჭერენ და რომ ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა".

სინამდვილეში ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს ფეისბუქ–პოსტების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. კერძოდ, 173​16 –ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე.

"პოსტების" ავტორების სასამართლოში დაბარებაზე სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასება ასეთია:

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკის მომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის, არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. აზრის გამოხატვა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული.

დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან.“

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ აქციების პარალელურად გაამკაცრა.

6 ივნისს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თქვა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“. მაშინ მან სახელები და გვარები არ დააკონკრეტა.



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S