
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
12/06/2025 19:12:00 საზოგადოება
როგორც გამოცემა "ქართული ლეგიონის" მეთაურზე მამუკა მამულაშვილზე დაყრდნობით იტყობინება, "დემეტრე დარჩია კიევში ლეგიონის ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა, სავარაუდოდ ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაციის შედეგად".
მამულაშვილის თქმით, დემეტრე დარჩია "ქართულ ლეგიონს" დაახლოებით 5-6 თვის წინ შეუერთდა და ვინაიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა გადიოდა სწავლებას ბაზაზე, სადაც არ ინახება ასაფეთქებელი მოწყობილობები.
"საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება დეტალები. დიდი ალბათობით, მას მიაწოდეს ყუთი, რომელშიც სავარაუდოდ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და რომლის ოთახში გახსნის დროსაც მოხდა დეტონაცია", - განუცხადა მამუკა მამულაშვილმა "რადიო თავისუფლებას".
მამულაშვილის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სხვა მებრძოლები არ იმყოფებოდნენ.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე უკრაინაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.