
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: „ეს ახალგაზრდობა რომც გააჩუმოთ ქვები დაიწყებენ ყვირილს თქვენს უსამართლობაზე“
12/06/2025 18:59:00 საზოგადოება
„ეს ახალგაზრდობა რომც გააჩუმოთ ქვები დაიწყებენ ყვირილს თქვენს უსამართლობაზე“, - წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მათე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
მანამდე კი მან საბოლოო სიტყვა თქვა.
„სალამი, მებრძოლებო. ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა შუა საუკუნეებთან, მაგრამ დღეს არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ …. იცით ყველამ რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი და ეს ალბათ ბოლო დღეც იქნება. იცით ყველამ რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე, რადგან თანამოაზრეებთან ერთად გამეპროტესტებინა მშვიდობიანი პროტესტით ევროკავშირის კურსიდან გადახვევა.
19 ნოემბრის გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყეს ფორმიანებმა დაშლა, მაგ დროს ვიყავი 2 დღის უძილო, ძალიან, ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როცა დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული ძალის გამოყენება., მე მოვყევი ამ შეხლა-შემოხლაში, ვეცადე, გავრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, იცით შემდეგ, რაც მოხდა. […] ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს შეუსრულოთ საქმე, მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი”. – თქვა მათემ.
დარბაზდან გაყვანის დროს კი დაიძახა: „სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში”.
განაჩენის გამოცხადებამდე დასკვნითი სიტყვები თქვეს ადვოკატებმა.
ერთ-ერთმა მათგანმა, ნატო მამულაშვილმა თქვა, რომ ჯოხი, რომლის გამოყენებითაც პოლიციელის თავდასხმას ედავებიან მათეს, მას საერთოდ არ ჰქონია.
„რაც შეეხება ჯოხს, რაზეც მთელი გამოძიებაა აწყობილი, ჯოხი მათე დევიძეს საერთოდ არ ჰქონია, მას ჰქონდა გადახვეული ტრანსპარანტი რაღაც წარწერით. საპირისპიროს, ვერავინ ვერ ადასტურებს, რადგან ჯოხი ან ჯოხის ნამტვრევები რეალურად არ არსებობს”. – თქვა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ჩნდება ეჭვები, რომ „ე.წ. დაზარალებულებმა საერთოდ მიიღეს დაზიანებები ამ აქციის დროს მათე დევიძისგან?”
მოსამართლისთვის დაცვის მხარის არანაირი არგუმენტი საკმარისი არ არის. მან პროკურტურის მოსაზრებები გაიზიარა.
მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. 2 დღის შემდეგ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს – პროკურატურამ ის პოლიციელზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, მან 3 პოლიციელს: ლევან კოდელაშვილს, გიორგი ესტატეშვილს და ბიძინა ჟამერაშვილს ჯოხი დაარტყა. პროკურატურამ სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.