
გელა მთივლიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს
04/06/2025 06:24:31 პოლიტიკა, სამართალი
გამოცემა "მთის ამბების" მთავარ რედაქტორ გელა მთივლიშვილს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს ისე, ისე რომ მისთვის მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ.
როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, იგი კლინიკაში გულის არეში ძლიერი ტკივილით მივიდა და შემდგომში ინფარქტი დაუდასტურდა, გამოკვლევების თანხის გადახდისას კი აღმოაჩინა, რომ მის საბანკო ანგარიშს ყადაღა ადევს.
"ძალადობრივ, სტრესულ, მრავალმხრივ ტოქსიკურ, შხამიან გარემოზე დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმი. ვერ მოვახერხე, დრო ვერ გამოვძებნე, რომ სტრესის მართვა მესწავლა, დღეისათვის არნახულ წნეხსა და ზეწოლას ცოტა ეფექტურად რომ გავმკლავებოდი. ასე აღმოვჩნდი დღეს, დილით, გულის არეში ძლიერი ტკივილით კლინიკაში. მომხედეს, მომიარეს, ინფარქტი დადასტურდა, საუკეთესო ექიმები სწრაფად ჩაერივნენ და გამომაკეთეს, გადამარჩინეს.
გამოკვლევების თანხა დღესვე უნდა გადამეხადა და აღმოჩნდა, რომ რეჟიმს ჩემი პირადი საბანკო ანგარიში სისხამ დილით დაუყადაღებია, თან ისე, ქუთაისის მოსამართლის გადაწყვეტილება დღემდე არ ჩამბარებია. მტაცებლებს 5 000 ლარზე ზემოდან 350 ლარიც დაუმატებიათ - აღსრულების ბიუროს ერთი ფურცლის ბანკში გაგზავნა თურმე ამდენი ღირს. ძარცვაშიც ოსტატები!
ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს მთივლიშვილი.