უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად განადგურებული სტრატეგიული ავიაციის ღირებულება შვიდ მილიარდ დოლარს შეადგენს.
„შვიდი მილიარდი აშშ დოლარი – ასეთია მტრის სტრატეგიული ავიაციის სავარაუდო ღირებულება, რომელიც დღეს დაზიანდა უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია „ქსელის“ შედეგად. დაზიანდა რუსეთის ძირითად სამხედრო აეროდრომებზე განლაგებული საკრეისერო რაკეტების მატარებელი სტრატეგიული თვითმფრინავების 34 პროცენტი“, – აღნიშნავენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ სპეცოპერაცია „ქსელის“ დეტალებს მოგვიანებით გაამხელენ.
ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყა რუსულ აეროდრომებს. გავრცელებული ინფორმაციით, განადგურდა 41 თვითმფრინავი. როგორც უკრაინული მედია წერს, სპეცოპერაცია „ქსელი“ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.