Accentnews.ge
ნიკოლოზ ჩხეიძე: ნიუ-იორკის ქალაქის საბჭოში განვიხილეთ ამჟამინდელი საჭიროებები, დავსახეთ სამომავლო გეგმები, რათა თითოეულ ქართველ ემიგრანტს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა

ნიკოლოზ ჩხეიძე: ნიუ-იორკის ქალაქის საბჭოში განვიხილეთ ამჟამინდელი საჭიროებები, დავსახეთ სამომავლო გეგმები, რათა თითოეულ ქართველ ემიგრანტს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა

01/06/2025 18:53:00 პოლიტიკა

ქართული სათვისტომო ორგანიზაცია „ასოციაცია თვისტომი“ და „ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაცია (GABA)“ მიწვეულნი იყვნენ ნიუ-იორკის ქალაქის საბჭოში ინა ვერნიკოვის [ნიუ-იორკის საკრებულოს წევრი] მიერ. "აქცენტი" დაინტერესდა თუ რა საკითხები იქნა განხილული შეხვედრაზე და შესაბამისი კითხვებით  „ასოციაცია თვისტომის“ ხელმძღვანელს ნიკოლოზ ჩხეიძეს მიმართა. 


ჟურნალისტი: ბატონო ნიკოლოზ, როგორც ვიცით, „ასოციაცია თვისტომი“ და „ქართული-ამერიკული ბიზნეს ასოციაცია (GABA)“ მიწვეულნი იყავით ნიუ-იორკის ქალაქის საბჭოში, ქალბატონი ინა ვერნიკოვის მიერ. როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრას?

ნიკოლოზ ჩხეიძე: ეს შეხვედრა ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დიასპორისთვის. ქალბატონმა ინა ვერნიკოვმა გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა და ყურადღებით მოისმინა ჩვენი საჭიროებები. მისი მზაობა, რომ ქალაქის საბჭოს დონეზე გაღრმავდეს თანამშრომლობა, ძალიან დამაიმედებელი და მნიშვნელოვანია. განვიხილეთ კონკრეტული პრობლემები. 

ჟურნალისტი: რა თემებზე გამახვილდა ყურადღება შეხვედრის ფარგლებში?

ნიკოლოზ ჩხეიძე: თემატიკა იყო საკმაოდ ფართო. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შენარჩუნდეს ქართული იდენტობა ემიგრაციაში. განვიხილეთ ემიგრანტთა საჭიროებები, სამართლებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებაში ინტეგრაციის გზები. ერთ-ერთი განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ჯანმრთელობის საკითხებზე — საჭირო სკრინინგებზე, პრევენციულ და პროფილაქტიკურ ზომებზე, ასევე იმ სერვისებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დიასპორას არ მიეწოდება დროულად და ადეკვატურად.

ჟურნალისტი: ასევე განიხილებოდა ნარკო და ალკოჰოლზე დამოკიდებულების თემა. რას გვეტყვით ამ მიმართულებით?

ნიკოლოზ ჩხეიძე: დიახ, სამწუხაროდ, ეს პრობლემაც აქტუალურია ქართულ დიასპორაში. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა დახმარების მოდელი და როგორ შეიძლება ადგილობრივმა ინსტიტუციებმა ხელი შეუწყონ ქართულ ოჯახებს, რომ მათი ახლობლები არ დარჩნენ მარტო ამ პრობლემის წინაშე. აუცილებელია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ორგანიზაცია Start New Life-ის წარმომადგენელმა ნათია ფურცხვანიძემ დეტალურად აღწერა ამ მხრივ არსებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები. დაისახა დახმარების გზები ქალაქის საკრებულოდან ამ მძიმე პრობლემის მოგვარებისათვის.

ჟურნალისტი: იყო თუ არა საუბარი ქართულ ბიზნესებზე?

ნიკოლოზ ჩხეიძე: ქართული ბიზნესი დიასპორის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია. შეხვედრაზე მიწვეული იყო ქართულ-ამერიკულ ბიზნეს ასოციაცია GABA-ს პრეზიდენტი ქეთევან გოლდი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ქართულ ბიზნესსა და მის საჭიროებებზე. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც აქ მოქმედ მცირე და საშუალო ქართულ ბიზნესებს აქვთ. ქალბატონმა ვერნიკოვმა გამოხატა მზაობა, რომ მოეწყოს შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, დაეხმაროს საჭიროებისამებრ.

ჟურნალისტი: თქვენი აზრით, რა არის შეხვედრის მთავარი შედეგი?

ნიკოლოზ ჩხეიძე: მთავარი შედეგი არის ის, რომ მივიღეთ პირდაპირი კომუნიკაციის არხის შექმნის დაპირება, დაგეგმილია კონკრეტული შეხვედრები, და რაც მთავარია — გაჩნდა განცდა, რომ ჩვენი პრობლემები რეალურად შეიძლება გადაიჭრას სისტემურად და თანმიმდევრულად. ქალბატონ ინა ვერნიკოვს დიდი მადლობა ამისთვის.

ჟურნალისტი: ბოლო კითხვა — რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ნიკოლოზ ჩხეიძე: ვაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას ადგილობრივ პროცესებში. უკვე 23 წელია, „ასოციაცია თვისტომი“ ემსახურება ქართულ დიასპორას და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თანამშრომლობა ოფიციალურ სტრუქტურებთან. ვგეგმავთ ღია დიალოგებს, დამატებით პრეზენტაციებს, პარტნიორობებს და ინფორმაციის გავრცელებას, რათა თითოეულ ქართველ ემიგრანტს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S