"კორონავირუსით ინფიცირებული მე–4 პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“
05/03/2020 11:20:21 საზოგადოება
"ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული მე–4 პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ამ დაავადებას ახასიათებს ერთგვარი ვერაგობა, თუ მაგალითად, თავიდან გრიპი იწყება მძიმედ, ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია, მსუბუქი ან საშუალო სიხშირის დასაწყისი და პირველი კვირის მანძილზე სერიოზულად დამძიმება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით, მას არაფერი ემუქრება, მაგრამ ის საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, რათა არ დამძიმდეს მდგომარეობა. მას კონტაქტი 15-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა. ისინი იდენტიფიცირებულები არიან. მათ, ვისაც სიმპტომები აღმოაჩნდება, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსებენ, ისინი კი, ვისაც სიმპტომები არ აქვთ, საკარანტინო ზონებში განაწილდებიან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ინფიცირებული ქართველი მამაკაცი მედიკოსია და იგი საზღვარგარეთ მუშაობს.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140–ზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.
ცნობისთვის: „COVID-19“–ით გარდაცვალების შემთხვევები ჩინეთში მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 31 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3012–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,413 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3220 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 92 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 52 000–ზე მეტი პაციენტი.


