საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა
05/03/2020 07:05:55 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა კვირას თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ინფიცირებული 44 წლის მამაკაცი იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
"ამ ეტაპზე ე.წ. კონტაქტების მოძიების სამუშაოები მიმდინარეობს და იდენტიფიცირებულია დაახლოებით, 20 ადამიანი (მათ შორის 15-თან ერთად თვითმფრინავით იმგზავრა), რომელთანაც მას შეხება ჰქონდა", – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსნებთ, რომ ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 31 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3012–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,413 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3220 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 92 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 52 000–ზე მეტი პაციენტი.


