
საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას კონგრესმენი ქრენშოუც უჭერს მხარს
05/03/2020 09:23:31 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას რესპუბლიკელი კონგრესმენი დენ ქრენშოუც უჭერს მხარს. იგი წარმომადგენელთა პალატაში ტეხასის შტატის მეორე ოლქს წარმოადგენს.
სადღეისოდ შესაბამის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატის კიდევ 4 წევრი – ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, პიტ ოლსონი და რენდი უებერი უჭერენ მხარს. ოთხივე მათგანი "რესპუბლიკური პარტიის" წევრია და პალატაში შტატ ტეხასის სხვადასხვა ოლქს წარმოადგენენ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელი კონგრესმენმა ოკლაჰომას შტატიდან მარკვეინ მულინმა საქართველოში ამერიკულ ბიზნესზე ზეწოლის შემთხვევაში ქვეყნის მთავრობისთვის სანქციების დაწესება 2019 წლის თებერვალში მოითხოვა.
მოგვიანებით, აშშ–ში საქართველოს საელჩომ „აქცენტს“ განუცხადა, რომ მარკვეინ მულინის თბილისის მიმართ სანქციების კანონპროექტი კომპანია „ფრონტერას“ მიერ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს უკავშირდება.
ცნობისთვის: 2016 წელის თებერვალში ამერიკულმა ენერგოკომპანიამ „ფრონტერა“ საქართველოში, ახმეტაში, გაზის აღმოჩენის შესახებ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და ამ მიმართულებით მუშაობაც დაიწყო, თუმცა ხელისუფლებამ ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობა ტყუილში დაადანაშაულა და საქმიანობის გაგრძელების უფლება არ მისცა.
აღსანიშნავია, რომ "ფრონტერამ" გაზის მარაგების აღმოჩენაზე განცხადება 2016 წლამდეც არაერთხელ გააკეთა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიას არც მაშინ წარუდგენია, რის გამოც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ "ფრონტერა" დააჯარიმა. "ფრონტერამ" ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და კომპანიას მარაგების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა დაავალა, რომელიც ნავთობისა და გაზის სააგენტოს ინფორმაციით, "ფრონტერას" არ წარმოუდგენია. ამჟამად საქმის განხილვა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს.