10-05-2025 14:26:00 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად კიევში იმყოფება, სოციალურ ქსელში "პოსტს" აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს თუ რა არის უკრაინის მეგობრებისა და პარტნიორების მიზანი.
მაკრონი ხაზს უსვამს იმას რომ უკრაინელები მესამე წელია, იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, თავისუფლებისა და ევროპისთვის.
"მე სამი გზავნილი მაქვს: ესაა მშვიდობა, რომელიც ყველას ინტერესებში შედის, სუვერენიტეტი, რომელიც უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებისას და მომავალი, სადაც უკრაინა უნდა იყოს ძლიერი, წარმატებული, ევროპული ქვეყანა. [...] სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით იწყება. ეს არის წინადადება, რომელსაც ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვამზადებთ. უკრაინამ ის 11 მარტს მიიღო. რუსეთი ამ წინადადებაზე თანხმობას აჭიანურებს, წინაპირობებს აყენებს, დროს წელავს. თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს პრობლემების შექმნას მოლაპარაკებებში, ჩვენ ზეწოლას გავაძლიერებთ - ერთად, ევროპისა და შეერთებული შტატების მჭიდრო კოორდინაციით. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, წინ წავიწიოთ ამ მიმართულებით. ჩვენი ერთიანობა ჩვენი ძალაა. ამ ვიზიტის აზრიც ეს არის: ყველას მშვიდობა გვინდა!შესასრულებელი სამშვიდობო შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის უსაფრთხოებას. სწორედ ამაზე ვმუშაობდით - პარიზში, ლონდონში და ახლა კიევში. ჩვენ ერთად მივაღწიეთ პროგრესს", - წერს მაკრონი.
"ისტორია გვიყურებს", - ასე მთავრდება საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ სოციალირ ქსელში გამოქვეყნებული "პოსტის" ტექსტი.
ცნობისთვის: ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მოლაპარაკებების პასუხად რუსეთი ითხოვს ამ შემთხვევაში უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებაც შეწყდეს; ამერიკის საელჩო უკრაინაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელად მასშტაბურ თავდასხმებზე აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი როგორც უკრაინას, ისე რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.