მას შემდეგ, რაც კიევმა უნგრეთის ჯაშუშური ქსელის გამოვლენის შესახებ განაცხადა, ბუდაპეშტმა უკრაინელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

09-05-2025 18:11:44 ევროპა

მას შემდეგ, რაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნგრეთის ჯაშუშების ქსელის გამოვლენის და ორი პირის დაკავების შესახებ განაცხადა, უნგრეთმა ორი უკრაინელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

"დღეს ჩვენ უნგრეთიდან ორი ჯაშუში გავაძევეთ, რომლებიც ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოში დიპლომატიური სტატუსით ინიღბებოდნენ". - თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

მანამდე, დღის დასაწყისში კი, სიიარტომ უნგრეთის ტელევიზიას უთხრა, რომ უნგრეთს უკრაინისგან ჯაშუშების საქმის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია და რომ ამ ეტაპზე „ეს უნდა კლასიფიცირდეს, როგორც პროპაგანდა, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“.

„[უკრაინაში] ფიზიკური ომის გარდა, პროპაგანდისტული ომიც მიმდინარეობს", - თქვა სიიარტომ. "ნათელია, რომ უკრაინაში ხშირად გამოიყენება ანტიუნგრული პროპაგანდა, რომელსაც ბევრ შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ გააჩნია“.

უკრაინის სპეცსამსახურის ცნობით, ქსელის მიზანი იყო ზაკარპატიის ოლქის სამხედრო დაცულობის შესახებ ცნობების შეგროვება, ადგილობრივი მოსახლეობის საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა - კერძოდ, როგორ მოიქცეოდნენ ისინი, თუ რეგიონში უნგრელი სამხედროები შევიდოდნენ.

როგორც იტყობინებიან, დაკავებულია ორი ჯაშუში - ერთ-ერთი 40 წლის ყოფილი სამხედროა ზაკარპატიის ბერეგივსკის რაიონიდან. სპეცსამსახურის ცნობით, ის უნგრულმა სპეცსამსახურმა ჯერ კიდევ 2021 წელს გადაიბირა, თუმცა ზედამხედველმა 2024 წლის სექტემბერში "გააქტიურა" და დაავალა შემდეგი სახის ცნობების შეგროვება: როგორი რეაქცია ექნებოდა ზაკარპატიის მოსახლეობას, თუ ოლქში უნგრეთის სამხედროებით დაკომპლექტებული სამშვიდობო კონტინგენტი შევიდოდა; რა სახის იარაღის შეძენა იყო შესაძლებელი ზაკარპატიის შავ ბაზარზე; როგორია რეგიონის უნგრელი მოსახლეობის მიგრაციის სიტუაცია; რამდენად დაკომპლექტებულია რეგიონის სამართალდამცველი ორგანოები და რაა მათი რაოდენობა.

უკრაინის სპეცსამსახურის ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებული პირი უნგრეთში გადავიდა, სადაც კურატორს შეგროვებული ინფორმაცია გადასცა და ანაზღაურება მიიღო. გარდა ამისა, ცდილობდა ინფორმატორთა ქსელის შექმნას.

ჯაშუშობაში ბრალდებულმა პირმა, უკრაინის სპეცსამსახურის ცნობით, 2025 წლის მარტში კურატორთან მეორეჯერ შეხვედრა შეძლო და მიიღო მობილური ტელეფონი სპეციალური საკომუნიკაციო პროგრამით. ასევე მიიღო ახალი დავალებაც -მოეპოვებინა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ადგილობრივი თანამშრომლების საავტომობილო ნომრები; ინფორმაცია ომში უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე.

მეორე დაკავებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელმაც სამსახური 2025 წელს დატოვა. უკრაინის სპეცსამსახურის ცნობით, მას ევალებოდა უნგრული სპეცსამსახურების ინფორმირება ზაკარპატიის ოლქში კერძო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შესახებ, ასევე ცნობები იმ სამხედრო ნაწილის თავდაცვის სისტემების შესახებ, სადაც თავად მსახურობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები