08-05-2025 12:23:32 პოლიტიკა ,საზოგადოება
ჟურნალისტებმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო, საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს.
სარჩელი მათ დღეს, 8 მაისს წარადგინეს.
ზაუტაშვილი და ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აპრილში გაათავისუფლეს. ისინი არხის სარედაქტიო პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებდნენ და სახელისუფლებო გავლენებზე საუბრობდნენ.
ამასთან, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის "ეჭვქვეშ დაყენების" გამო დისციპლინური სანქციები დაუწესდა საზმაუს 4 თანამშრომელს, გადაცემა რეალური სივრცის ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძეს, გადაცემის წამყვან სოსო კაციტაძეს, გადაცემა პულტის რეჟისორ კახა მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.
18 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის 3 თანამშრომელს, გადაცემა რეალური სივრცის რედაქტორ ტუხა კვინიკაძეს, შაბათ-კვირის შოუს კორესპონდენტ ანა აბაკელიას და შაბათ-კვირის შოუს აღმასრულებელ პროდიუსერ თამარ ჯინჭარაულს გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა და გაფრთხილება მისცა.
სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება 24 აპრილს ასევე მისცეს კიდევ ერთ თანამშრომელს, ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორს, გივი კიტიას.