Accentnews.ge
რატომ გადაუხადეს 1 მილიონი ჭორვილაში რეგისტრირებულ, “შავ სიაში” მყოფ კომპანიას

რატომ გადაუხადეს 1 მილიონი ჭორვილაში რეგისტრირებულ, “შავ სიაში” მყოფ კომპანიას

04/03/2020 14:26:12 ეკონომიკა

„შავ სიაში“ მყოფ კომპანიას ჭორვილადან წალკის მერიამ 1 მილიონი ლარი გადაუხადა, თუმცა აშენებული ბაღებიდან არც ერთი არ ფუნქციონირებს,- იუწყება “ფლანგვის დეტექტორი”.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს საბავშვო ბაღების უკმარისობის გამო წალკის მერიამ 4 ბაღის მშენებლობა გადაწყვიტა და ოთხივე შემთხვევაში ხელშეკრულება ჭორვილაში რეგისტრირებულ, "შავ სიაში" მყოფ შპს “კ და გ”-სთან გააფორმა.

“შპს “კ და გ”-ს დაარსებიდან დღემდე დაახლოებით 3 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული. წალკის მუნიციპალიტეტში არასაკმარისი რაოდენობის საბავშვო ბაღების გამო მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა, საბავშვო ბაღების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განეხორციელებინა. 2017-2018 წლებში მერიამ 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განახორციელა. კერძოდ: სოფელ კიზილ-კილისასა და სოფელ კოხტაში ბაღების მშენებლობა ღირებულებით 280.9 ათასი ლარი და 289.0 ათასი ლარი (გათვლილი, შესაბამისად, 60-60 ბავშვზე), სოფელ არწივანისა და სოფელ ავრანლოს ბაღების რეაბილიტაცია ღირებულებით − 309.6 ათასი ლარი და 106.6 ათასი ლარი (გათვლილი, შესაბამისად, 90 და 30 ბავშვზე). ბაღების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაობში მერიამ ჯამში 986,100 ლარი დახარჯა. სამუშაოები 2017-2018 წლებში დასრულდა, თუმცა 2019 წელს არც ერთი ბაღი არ ფუნქციონირებდა. მიზეზი არის სამუშაოების უხარისხოდ შესრულება, კერძოდ: დაზიანებულია შენობების ფასადი, გათბობის ქვაბი, იატაკი და ჭერი, დაბზარულია კედლები და სხვ. არც ერთ ბაღში გათბობის სისტემა გამართულად არ ფუნქციონირებს და ვერ უზრუნველყოფს შენობების სათანადოდ გათბობას, რის აღმოსაფხვრელადაც 2019 წლის ნოემბერში მუნიციპალიტეტმა მიმართა კომპანიებს, თუმცა 2019 წლის დეკემბერში აღნიშნული პრობლემა ისევ არ იყო მოგვარებული" - ნათქვამია დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ფლანგვის დეტექტორი" დაუკავშირდა “ააიპ წალკის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების სკოლამდელი აღზრდის ცენტრს”. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე მონაცემებით, ბაღები კვლავ არ ფუნქციონირებს და ფუნქციონირებას 2020 წლის 1 მარტიდან დაიწყებს. მერიის ინფორმაციით კი, ბაღები ეტაპობრივად დაიწყებენ ფუნქციონირებას 2 მარტიდან.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხივე საბავშვო ბაღში კომპანიამ “შპს კ და გ” განახორციელა.

ეს კომპანია 2014 წელს დაარსდა, მისი იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი ჭორვილა. კომპანიას დაარსებიდან დღემდე მოგებული აქვს 2 მილიონ 867 ათას 363 ლარის ღირებულების ტენდერები. აქედან, 141,214 ლარის 11 გამარტივებული შესყიდვაა.ამ ბაღების რეაბილიტაციის ტენდერებში შპს “კ და გ”-ს ჰყავდა კონკურენტები, რომელთაც მასზე დაბალი ფასი ჰქონდათ შეთავაზებული მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა ოთხივე შემთხვევაში მათი დისკვალიფიკაცია მოხდა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, რის შედეგადაც ოთხივე ტენდერში გაიმარჯვა უფრო მაღალი ფასის მქონე შპს “კ და გ”-მ.

"კომპანია “შპს კ და გ“ 2016 წლის 5 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით "შავ სიაში" დარეგისტრირდა. თუმცა თავმჯდომარის გადაწყვეტილება კომპანიის წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს სასამართლოში, პირველმა ინსტანციამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა. შედეგად 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით კომპანია იმყოფებოდა "შავ სიაში". ოთხივე ტენდერი მან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიგო, თუმცა ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან მოგვიანებით გაფორმდა (2017 წლის 12,12,13 ივნისი, 27დეკემბერი). შესაბამისად, წალკის მერიისათვის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ცნობილი იყო, რომ კომპანია "შავ სიაში" იმყოფებოდა”, – აღნიშნულია „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S