„იტალიაში ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე გამოჯანმრთელებამდე ადგილზე უნდა დარჩეს“
04/03/2020 13:52:37 საზოგადოება
„იტალიაში ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე გამოჯანმრთელებამდე ადგილზე უნდა დარჩეს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„თუ იტალიაში დადასტურდა შემთხვევა, ვფიქრობ, მას იქ გაეწევა სამედიცინო დახმარება, ანუ, იქ იქნება იგი იზოლირებული შესაბამის დაწესებულებაში. მე მგონი, სამედიცინო მიდგომა ასეთი უნდა იყოს. შესაბამისად, გამოჯანმრთელებამდე ის ადგილზე უნდა დარჩეს. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ამის შესახებ ჯერ–ჯერობით ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
იტალიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 79 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2502.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 38 ადამიანი ემსხვერპლა და 119 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,981–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,270 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 48 000–ზე მეტი პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.


