იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა
04/03/2020 13:09:06 საზოგადოება
იტალიაში, ქალაქ ვიტერბოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.
"იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა", — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საბჭოს სხდომაზე.
მისივე თქმით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 79 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2502.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 38 ადამიანი ემსხვერპლა და 119 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,981–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,270 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 48 000–ზე მეტი პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.


