02-05-2025 16:20:07 ევროპა ,მსოფლიო
ევროკავშირის მარეგულირებელმა TikTok 530 მილიონი ევროთი დააჯარიმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის.
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიის ByteDance-ის საკუთრებში არსებულმა TikTok-მა ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რომელთა ნაწილზე ჩინეთში პერსონალს ჰქონდა წვდომა, დაცვის მაღალი დონით სარგებლობს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობით.
მიუხედავად იმისა, რომ TikTok ოთხწლიანი გამოძიების განმავლობაში ამტკიცებდა, თითქოს ევროკავშირის მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთში არსებულ სერვერებზე არ ინახავდა, გასულ თვეში კომპანიამ გაამხილა, რომ თებერვალში აღმოაჩინა ჩინეთში შენახული მონაცემთა შეზღუდული რაოდენობა, რაც წაიშალა. კომისიაში აცხადებენ, რომ ბოლო მოვლენებს სერიოზულად უდგებიან.
2023 წელს სოციალური ქსელის პლატფორმა ევროკავშირში ბავშვების მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის დარღვევისთვის 345 მილიონი ევროთი დააჯარიმეს.
TikTok გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. პლატფორმა, რომელსაც ევროკავშირში 175 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, აღნიშნავს, რომ მას არასდროს მიუღია ჩინეთის ხელისუფლებისგან ევროკავშირის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის მოთხოვნა და არასდროს გადაუცია ისინი მისთვის.