RSF: საქართველომ მედიის თავისუფლების რეიტინგში 11 პოზიციით დაიხია უკან

02-05-2025 10:00:17 საზოგადოება

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) მსოფლიოში მედიის თავისუფლების ახალ ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმად, საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია.

დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანამ მედიის თავისუფლების რეიტინგში 11 პოზიციით დაიხია უკან. კერძოდ, 180 ქვეყანას შორის საქართველო 114-ე ადგილზეა, 2024 წელს 103-ე ადგილს იკავებდა. ანგარიშში შეფასებულია მედიის მდგომარეობა 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

რა წერია ახალ ინდექსში საქართველოს შესახებ

"ოფიციალური პირების ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის კვლავ მტრული გარემო რჩება, ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევების მზარდი რაოდენობის ჩათვლით. „უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, ცენზურის ქვეშ აყენებს მათ და ამცირებს სიტყვის თავისუფლების სივრცეს.

მედიაგარემო

  • მედიაგარემო მრავალფეროვანია და ამავდროულად, პოლიტიკურად უკიდურესად პოლარიზებულია. მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა. მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს იყო „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, ტელევიზიის, რომელმაც სარედაქციო ხაზი ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის შემდეგ შეცვალა, და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემთხვევაში, რომელიც მთავრობის ჩარევის მსხვერპლი გახდა. რეგიონულ და სათემო რადიოსადგურებს დაფინანსების პრობლემები აწუხებთ, ბეჭდური მედიის მკითხველთა რაოდენობა მცირდება, ხოლო ონლაინ საინფორმაციო საშუალებების - იზრდება.

პოლიტიკური კონტექსტი

  • ქვეყანა ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის 2024 წლის ოქტომბერში ფართოდ სადავო საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ, რამაც ქვეყანა რეპრესიულ გარემოსა და საერთაშორისო იზოლაციაში ჩააგდო. ეს გარემო ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელების კონტროლისთვის მუდმივ კონკურენციას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი პოლიტიკურ პარტიებს უკრძალავს მედიასაშუალების ფლობას, დიდი ტელევიზიები, როგორც წესი, იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად მჭიდრო კავშირები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ჩარევის ობიექტია. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს აცხადებს უპასუხოს მედიას, რომელიც მას აკრიტიკებს და ზოგჯერ ცენზურას, რეიდებს, მადისკრედიტებელ კამპანიასა და დაშინებას მიმართავს.

საკანონმდებლო ჩარჩო

  • მთავრობამ ჯერ კიდევ არ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელი ნაბიჯია. მედიაში პლურალიზმისა და გამჭვირვალობის გამყარების წინა რეფორმების საწინააღმდეგოდ, მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი, რომელიც კოპირებს რუსეთის „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობას, რაც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას. სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ წყაროების კონფიდენციალურობის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით.

ეკონომიკური კონტექსტი

  • საქართველოში მცირდება ბეჭდური და ონლაინ მედიის ისედაც განუვითარებელი სარეკლამო ბაზარი. ეს მედიასაშუალებები დიდწილად ფინანსდებიან დონორების მიერ, ჩვეულებრივ - დასავლეთიდან. კერძო საკუთრებაში არსებული მედიის შემაშფოთებელ ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი, რომელიც დასავლური ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილ მედია საშუალებებს აჯარიმებს. გარდა ამისა, რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებებმა გააუარესა მასშტაბურად სუბსიდირებულ სახელმწიფო მედიასთან კონკურენციის პირობები.

სოციალურ-კულტურული კონტექსტი

  • ქართული საზოგადოება ხასიათდება ძლიერი სოციალური დაძაბულობით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: რელიგია, ლგბტქ+ უფლებები და რუსული გავლენა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე. გავლენიანი სოციალური როლის მქონე პირები, როგორებიც არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები არიან უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების ქვეშ, შესაბამისად, ირღვევა ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციურობაც.

ჟურნალისტების უსაფრთხოება

  • ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ხშირია, მათ შორის მთავრობის მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს. 2021 წლის ივლისში დაახლოებით 50 ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა, დიდი რაოდენობით სამართალდამცავების თვალწინ, იყო უპრეცედენტო უკუსვლა. გამოძიების გაუმჭვირვალობა და პროგრესის არარსებობა მეტყველებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობაზე".

მედიის თავისუფლების უმთავრესი საფრთხე – ეკონომიკური დასუსტება

წლევანდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური დასუსტება დღეს მედიის თავისუფლების უმთავრესი საფრთხეა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები მედიის თავისუფლების ყველაზე თვალსაჩინო დარღვევაა, ეკონომიკური ზეწოლაც არის ერთ-ერთი უმთავრესი, უფრო მზაკვრული პრობლემა. წლევანდელ ინდექსში ეკონომიკური ინდიკატორი უპრეცედენტოდ დაბალ დონეზეა და განაგრძობს კლებას. შედეგად, მედიის თავისუფლების გლობალური მდგომარეობა ინდექსის ისტორიაში პირველად ფასდება „რთულ ვითარებად“.

ეკონომიკური ზეწოლის პრობლემა უმთავრესად გაპირობებულია: მედიის მფლობელობის კონცენტრაციით, რეკლამის დამკვეთებისა და ფინანსური მხარდამჭერებისგან ზეწოლით და საბიუჯეტო დახმარებით, რომელიც ან შეზღუდულია, ან არ არსებობს, ან გამოიყოფა გაუმჭვირვალედ.

ეკონომიკური ინდიკატორის შემადგენელია სარეკლამო შემოსავლები, რომლის დაკარგვის გარდა მედიის ეკონომიკურ მდგომარეობას ართულებს მფლობელობის კონცენტრაცია, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს. ინდექსის მონაცემები აჩვენებს, რომ მედიის მფლობელობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია 46 ქვეყანაში და ზოგიერთ შემთხვევაში სრულად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ. ეს აშკარაა რუსეთში (171-ეა, 9 ადგილით გაუარესდა), სადაც მედიასაშუალებებს ან სახელმწიფო ფლობს, ან კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები და უნგრეთში (68), სადაც მთავრობა ახრჩობს მისი პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს სახელმწიფო რეკლამის უთანასწორო მიწოდებით. ეს აშკარაა აგრეთვე ქვეყნებში, სადაც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შეზღუდვისთვის გამოიყენება „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონები და ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველო (114-ეა, 11 ადგილით გაუარესდა); აგრეთვე ტუნისში (129), პერუსა (130) და ჰონგ კონგში (140), სადაც სახელმწიფო სუბსიდიები დღეს პროსამთავრობო მედიისკენ არის მიმართული. მაღალი შეფასების მქონე ქვეყნებშიც კი - ავსტრალიაში (29), კანადაში (21) და ჩეხეთში (10) - მედიის მფლობელობის კონცენტრაცია შემაშფოთებებლია. საფრანგეთში (25-ეა, გაუარესდა 4 ადგილით), ეროვნული მედიის მნიშვნელოვან წილს მცირე რაოდენობის მდიდარი ადამიანები ფლობენ. ეს მზარდი კონცენტრაცია ზღუდავს სარედაქციო მრავალფეროვნებას, ზრდის თვითცენზურას და იწვევს სერიოზულ შეშფოთებას ნიუსრუმების მფლობელების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისგან დამოუკიდებლობის მხრივ", - ნათქვამია ანგარიშში.

ამ კონტექსტში საქართველოზე საუბრისას დოკუმენტში შემდეგია აღნიშნული:

"საქართველოში სარეკლამო ბაზარი კონტროლდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც არის მმართველი პარტიის დამფუძნებელი და რომლის წინააღმდეგაც საპროტესტო აქციები იმართება. „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი კი ბლოკავს დაფინანსების სხვა წყაროებს".

ანგარიშის ქვეთავში სახელწოდებით "ევროპა და ცენტრალური აზია" ნათქვამია, რომ "დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგანან, რასაც ხელი შეუწყო ამერიკული დახმარების მოულოდნელად შეჩერებამ და რუსული პროპაგანდის მზარდმა ზეგავლენამ. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულმა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებებმა - კერძოდ, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსების შეჩერებამ მწვავედ დაასუსტა ისედაც მოწყვლადი სექტორი, განსაკუთრებით ქვეყნებში, სადაც ებრძვიან ავტორიტარულ რეჟიმებს, კორუფციას და სადაც ომია. უკრაინაში (62-ე ადგილზეა), სადაც რუსეთის შეჭრამ სანდო ინფორმაციაზე წვდომა უფრო მნიშვნელოვანი გახადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, საინფორმაციო საშუალებების 90 პროცენტს თავი გაჰქონდა სუბსიდიების მეშვეობით, რომლებიც უპირატესად აშშ-დან მოდიოდა. ამ დახმარების შეწყვეტამ საფრთხე შეუქმნა რუსეთის ომის დანაშაულებისა და კორუფციის სანდო გაშუქებას მაშინ, როცა კრემლი ფლობს მნიშვნელოვან საშუალებებს პროპაგანდის გასავრცელებლად".

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "ეკონომიკური ვარდნა ხელს უწყობს სახიფათო დინამიკას: მედიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, რაც ეხმარება მედიის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის ნორმალიზაციას".

ანგარიშში შეიცავს RSF-ის დირექტორის ანნ ბოკანდეს განცხადებასაც.

"თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფა დღევანდელ მედიაგარემოში მოითხოვს სტაბილურ და გამჭვირვალე ფინანსურ მდგომარეობას. ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე თავისუფალი პრესა ვერ იარსებებს. როცა ახალი ამბების მედია ფინანსურად შეჭირვებულია, ის ცდილობს აუდიტორიის მოზიდვას ხარისხის დათმობის ხარჯზე და შეიძლება, გახდეს ოლიგარქების და ხელისუფლების მსხვერპლი, რომლებსაც მისით სარგებლობა სურთ. როცა ჟურნალისტებს უჭირთ, მათ აღარ რჩებათ საშუალება წინააღმდეგობა გაუწიონ მედიის მტრებს - მათ, ვინც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ჩემპიონები არიან. მედიის ეკონომიკა სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს მდგომარეობას, რომელიც ჟურნალისტიკას შეეფერება და უზრუველჰყოფს სანდო ინფორმაციის შექმნას, რომელიც თავისთავად ღირებულია. გადაჭრის გზები არსებობს და ისინი მასშტაბურად უნდა იყოს გამოყენებული. მედიის ფინანსური დამოუკიდებლობა აუცილებელი პირობაა თავისუფალი, სანდო ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს", – აცხადებს ბოკანდე.

​მედიის თავისუფლების ხარისხით გამორჩეული ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: ნორვეგია, ესტონეთი, ნიდერლანდები, შვედეთი და ფინეთი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები