
ირაკლი კობახიძე: ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე, მას რევაზ სოხაძე შეცვლის
24/04/2025 13:10:04 პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძემ "ქართული ოცნების" მთავრობის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე შეცვლის, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე. შესაბამისი თხოვნით მან გუშინ მომმართა, რაზეც გვქონდა საუბარი. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი ამ წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი: საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა ირაკლი ქარსელაძეს მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით და მის მიერ განხორციელდა.
ასევე, მინდა წარმოგიდგინოთ რევაზ სოხაძე რომელიც დაინიშნა მინისტრად. ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას აქვს განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. ის წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე. 2017 წლიდან არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე, მინდა რევაზ სოხაძეს ვუსურვო წარმატება მინისტრის პოზიციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს განაცხადა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყოფოდა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ცალკე უწყებად ფორმირდებოდა. „საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი... იგი ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა“, – განაცხადა კობახიძემ.
მოგვიანებით, 4 აპრილს მან აღნიშნა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი "ოცნების“ მთავრობის რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებდა.
„გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით... გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას“, – განაცხადა კობახიძემ.