
გაერო-ს კომისია: რუსეთი კავშირშია სირიაში სამხედრო დანაშაულებთან
03/03/2020 12:33:04 მსოფლიო
გაერო-ს დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც სირიაში პოტენციური სამხედრო დანაშაულების კვლევითაა დაკავებული, აღმოაჩინა მონაცემები რუსეთის კავშირის შესახებ ავიადარტყმებთან, რომელთა შედეგადაც ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.
The Guardian-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაერო-ს ექსპერტები რუსეთს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ღიად და ცალსახად ადანაშაულებენ.
მოხსენებაში, რომელიც 2019 წლის მეორე ნახევრის მდგომარეობას ეძღვნება, შეტანილია, კერძოდ ინფორმაცია 22 ივლისის ავიადარტყმებზე ქალაქ მაარათ-ენ-ნუუმანის ბაზარზე, ასევე 16 აგვისტოს ავიაიერიშზე დასახლებულ პუნქტ ხაასში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რომელშიც ლტოლვილები ბინადრობდნენ.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, ბაზარზე ავიადარტყმები ზედიზედ ორჯერ განხორციელდა და მეორე იერიშს ემსხვერპლნენ ის მაშველებიც, რომლებიც პირველი დარტყმისას დაშავებულთა დახმარებას ცდილობდნენ.
ბაზარზე ავიადარტყმებს სულ 43 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 4 ბავშვი ემსხვერპლნენ, ხაასში მომხდარს კი - 20 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 8 ქალი და 4 ბავშვი.
"კომისიას საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია საიმისოდ, რომ განაცხადოს: რუსული საფრენი აპარატები ორივე ამ დანაშაულში მონაწილეობდნენ. ამასთან, მათ არც პირველ, არც მეორე შემთხვევაში გააჩნდათ რაიმე კონკრეტული სამხედრო მიზანი, ანუ, საქმე გვაქვს სამხედრო დანაშაულებთან" - ნათქვამია მოხსენებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, გაერო მსგავს შემთხვევებში კონკრეტულ დამნაშავეებს ძალზე იშვიათად ასახელებს, ამდენად, ეს მოხსენება ერთგვარად პრეცედენტულადაც კი შეიძლება, ჩაითვალოს.