Accentnews.ge
37 ქვეყანა ეუთო–ს საქართველოსთან დაკავშირებით „ღრმა შეშფოთებით“ მიმართავს

37 ქვეყანა ეუთო–ს საქართველოსთან დაკავშირებით „ღრმა შეშფოთებით“ მიმართავს

12/04/2025 04:22:21 პოლიტიკა

37 ქვეყანა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთო) საქართველოსთან დაკავშირებით მიმართავს და "ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო".

ისინი მოუწოდებენ საქართველოს, „დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეუთოს ინსტიტუტებთან“.

„გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო. თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ, ჩვენ სამწუხაროდ მომსწრე გავხდით იმისა, თუ რა შემდგომ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება თავისი დემოკრატიული და უფლებადაცვითი ვალდებულებებისგან გასვლის თვალსაზრისით“, -ნათქვამია 11 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადება ეუთო–ს წევრი 37 ქვეყნის სახელით ეუთო–ში გერმანიის ელჩმა სუზან შიუტცმა გაავრცელა.

მისი განცხადებით, შეშფოთებას იწვევს შემდეგი მთავარი საკითხები:

  • „საკანონმდებლო გზით სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა,
  • დამოუკიდებელი მედიის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის არდაკისრება და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ დაუდგენელი ჯგუფების მხრიდან ძალადობა;
  • ასევე, წინასწარი პატიმრობის გაუმართლებელი ხანგრძლივობის ვადები და ცნობები წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე“.

გარდა ამისა, 37 ქვეყანა „ქართული ოცნებას“ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA-ს) მიღების გამო აკრიტიკებს.

„ამ კანონმა, ბოლოს დროს მიღებულ სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შესაძლოა კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა, წაართვას მათ საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი გარანტიები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ბოლოდროინდელ ცვლილებებს; ამასთან, შეშფოთებას გამოხატავენ საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რაც, მათი შეფასებით, "ძირს უთხრის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას“.

„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელმა ქმედებებმა საქართველო კიდევ უფრო დააშორა დემოკრატიას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, განგრძობადი კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გზებით გადაწყვეტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნები აცხადებენ, რომ მათი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია, ხოლო ქართველი ხალხის მისწრაფების მხარდაჭერა დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ – მტკიცე.

განცხადებას ხელს შემდეგი ქვეყნები აწერენ:

  • ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და გერმანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S