
PACE-ს თანამომხსენებელი – საქართველოზე: იანვრის შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა ყველა ფრონტზე
10/04/2025 10:42:37 პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელი საქართველოს საკითხზე, პორტუგალიელი პარლამენტარი ედიტ ესტრელა აცხადებს, რომ 2025 წლის იანვრიდან, როდესაც „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება შეზღუდული უფლებებით ცნეს, ვითარება გაუარესდა.
„სამწუხაროდ, ვითარება იანვრის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, არ არის არანაირი პროგრესი ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა პრაქტიკულად ყველა ფრონტზე", – განაცხადა ესტრელამ, რომელიც „სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფს“ წარმოადგენს.
ბოსნიელი პარლამენტარი საბინა ჩუდიჩი, რომელიც ევროპულ პარტია ALDE-ს („ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) წარმოადგენს, აღნიშნავს, რომ "იანვრის შემდეგ საქართველოში დემოკრატიის ყველა საყრდენის მიმართულებით ვითარება უარესდება":
„თუკი საქართველოში იმ ვითარებას გავაანალიზებთ, რაც დღეს გვაქვს, და შევადარებთ რა მოხდა იანვარში რეზოლუციის მიღების შემდეგ, უნდა მოგახსენოთ, რომ დემოკრატიის ყველა საყრდენის მიმართულებით ვითარება უარესდება“.
მან ისაუბრა არაერთ ცვლილებაზე, მათ შორის FARA-ს მიღებასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებულ სურვილზე.
ცნობისთვის: საპარლამენტო ასამბლეამ დღეს შუადღით პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხის და მორიგი რეზოლუციის განხილვა დაიწყო.
რეზოლუციის თანაავტორები ედიტ ესტრელა და ბოსნიელი პარლამენტარი საბინა ჩუდიჩი არიან.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ქართული ოცნების“ „დემოკრატიული უკუსვლა ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუკი ისინი დაესწრებიან ასამბლეის სესიას სამომავლოდ".
ამასთან, რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ასამბლეა აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა „დელეგაციის არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა“.