
„ქართული ოცნება“ „მინისტრის საათს“ აუქმებს
10/04/2025 04:08:35 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პარლამენტში „მინისტრის საათი“ უქმდება.
„უქმდება მინისტრის საათი, რომელიც არ არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საზედამხედველო ინსტრუმენტი და რომელიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო“, - წერენ კანონპროექტის განმარტებით ბარათში „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები.
როგორც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, „მინისტრის საათი“ „თავის დანიშნულებას კარგავს“, რადგან ზრდიან ინტერპელაციების რაოდენობას.
ცნობისთვის: „მინისტრის საათი“ წელიწადში ერთხელ პარლამენტის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების განხილვაა. მინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა. მის მოხსენებას მოსდევდა დეპუტატების დამაზუსტებელი კითხვა-პასუხი, რის შემდეგაც იმართებოდა დებატები.
„მინისტრის საათი“ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა პარლამენტის ახალ რეგლამენტში, რომელიც 2018 წელს მიიღეს. მაშინ განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ეს გააძლიერებდა საპარლამენტო ზედამხედველობას, კონტროლსა და ანგარიშვალდებულებას.
ინტერპელაციის გზით დეპუტატს შეუძლია, მინისტრს გაუგზავნოს კითხვები, რომელზე პასუხის მიღებაც სურს. დეპუტატი იღებს წერილობით პასუხს და უსმენს მინისტრს, თუმცა მას არ შეუძლია სხვა საკითხების წამოჭრა.