Accentnews.ge
ზურაბიშვილი: ევროკავშირის რეაგირება არ შეესაბამება იმ საფრთხის სიმძიმეს, რომელიც ხდება

ზურაბიშვილი: ევროკავშირის რეაგირება არ შეესაბამება იმ საფრთხის სიმძიმეს, რომელიც ხდება

09/04/2025 15:22:54 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლა 9 აპრილზე საუბრით დაიწყო. მან ისტორიული პარალელი გაავლო 1989 წელსა და დღევანდელობას შორის და განაცხადა, რომ დღესაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები „სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას“ იცავენ და „მშვიდობიანად აპროტესტებენ ისეთივე საშიშ საფრთხეს — დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მომუშავე ჩუმ, მტრულ გზავნილებს“.

სენატის წევრებმა სალომე ზურაბიშვილის თხოვნით წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოში დემოკრატიის კრიზისზე:

„საქართველო იცვლება არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით. ეს არ ხდება ერთ ღამეში, არამედ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ რეალურ დროში ვუყურებთ, როგორ იშლება ჩვენი დემოკრატია ჩვენს თვალწინ. მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობითა და დაპატიმრებებით პასუხობენ. ოპოზიციური პარტიები იდევნებიან, ემუქრებათ აკრძალვა და დაშლა. ასეულობით ათასი ევროს ოდენობის ჯარიმები ერიცხებათ მოქალაქეებს, არასამთავრობოებსა და მედიას არა იმისთვის, რომ რამე დაარღვიეს, არამედ იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი აქვთ. [...]

ჩვენ ვუახლოვდებით 1937 წლის რეპრესიებს. ჩვენი ინსტიტუტები ვეღარ გვიცავს. მართლმსაჯულება გადაიქცა მმართველი პარტიის იარაღად. ბოლო თვეებში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სასამართლოში პროკურატურის წინააღმდეგ არ მიუღიათ. ჩვენ ვუყურებთ ერთპარტიული სისტემის დაბადებას. ამ ყველაფრის უკან დგას ერთი კაცი — ამაზე პასუხისმგებელი, მიუწვდომელი. რუსეთის სტილის ავტოკრატიის აჩრდილი ეფინება ოდესღაც იმედიან ევროპულ დემოკრატიას. და ამ ყველაფრის უკან რუსეთის აჩრდილია“.

მან მიმდინარე პროცესებზე ევროკავშირის რეაგირება გააკრიტიკა. ზურაბიშვილის აზრით, ევროკავშირის რეაქცია „კრიზისის სიმძიმეს არ შეესაბამება":

„ევროკავშირის რეაგირება არ შეესაბამება იმ საფრთხის სიმძიმეს, რომელიც ხდება. ეს არ არის უბრალოდ ქართული პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ევროპული გამოწვევა — სამმხრივი გამოწვევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და გამოწვევები რიგითობით ჩამოთვალა:

„თუ საქართველოში სამ ათეულ წელზე მეტი დროის მხარდაჭერის - ჯერ თვით მოსახლეობის ძალით, შემდეგ კი ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერით - შემდეგ დემოკრატია შეიძლება ასე ადვილად დაიშალოს, მაშინ რას ნიშნავს დემოკრატიის მდგრადობა? ასე მარტივად უნდა ინგრეოდეს? თუ ამას დავუშვებთ, გავაგზავნით გზავნილს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია და ავტორიტარებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, თუკი საკმარისად ცინიკურად იმოქმედებენ“.

„საქართველო უბრალოდ პატარა სახელმწიფო არ არის. ის არის ევროპის სამეზობლოს ნაწილი და სტრატეგიულ ჯაჭვში მნიშვნელოვანი რგოლი...თუ საქართველო ჩავარდება ავტორიტარიზმში და რუსულ გავლენაში, ეს მთელი რეგიონისთვის იქნება დარტყმა — ეკონომიკურად, პოლიტიკურად და მორალურად“.

„თუკი ევროკავშირს არ შეუძლია დაიცვას ღირებულებები, რომლებსაც ათწლეულებია უწევს პროპაგანდას; თუკი ვერ ახერხებს იმ ხალხისა და ინსტიტუტების დაცვას, რომლებსაც თვითონ ეხმარებოდა; თუკი ვერ რეაგირებს ნათლად, მაშინ საფრთხის ქვეშ დგება მთელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სანდოობა. და ასევე — მისი თავდაცვის სტრატეგია. რადგან შეიარაღება — ნების გარეშე, სწრაფი რეაგირების გარეშე — უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიაა. ეს არ არის შეკავება, არ არის ძალა“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთს ახალი სტრატეგია აქვს, რაც ტანკების გარეშე დაპყრობას გულისხმობს. ამას კი სამი გზით ახერხებს: არჩევნებით მანიპულაცია, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ოლიგარქების მეშვეობით ინსტიტუციების შიგნიდან დაპყრობა. საქართველო კი ამ სცენარში სატესტო პოლიგონია.

„საქართველო არის გამოცდა. თუ ეს სტრატეგია წარმატებას მიაღწევს საქართველოში, ის შეიძლება გაიმეორონ სხვაგანაც — მოლდოვაში, რუმინეთში ან კიდევ უფრო ღრმად — ევროპაში. იმიტომ რომ ეს იაფია, ჩუმია და ჯერჯერობით გარედან სერიოზულ წინააღმდეგობას არ შეხვედრია“, - ამბობს ზურაბიშვილი.

მან ჩეხეთის სენატის წევრებს გამოსავლის გზებიც შესთავაზა. მათ შორის, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „ევროპამ უნდა იმოქმედოს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური საპასუხო სტრატეგიით“.

მან პარტნიორებს ოთხი რამ სთხოვა: არჩევნების დაცვა, პოლიტიკური სიცხადე, სანქციები, ღირებულებების დაცვა.

„თქვენ უჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს თავისუფლების მოპოვება. იცით, რომ თავისუფლება დაცვას მოითხოვს — არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ძალაუფლების დარბაზებში, სასამართლოებში, ქუჩებსა და ერის სულშიც. დღეს საქართველო ამ ბრძოლაშია. ჩვენ არ გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენ ნაცვლად, მაგრამ გთხოვთ, იდგეთ ჩვენ გვერდით — ამოიღოთ ხმა, იმოქმედოთ მტკიცედ და ნათლად. რადგან თუ დღეს ვერ დავიცავთ საქართველოს, ხვალ შესაძლოა ვნახოთ სრულიად განსხვავებული ევროპა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S