
კობახიძის თქმით, "დიპ სტეიტი" და საბჭოთა "კაგებე" ერთი მეთოდებით მოქმედებენ
09/04/2025 11:10:52 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილს სამების ტაძართან მედიასთან გაკეთებულ კომენტარში დააკონკრეტა, რას გულისხმობდა მანამდე გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც არ უხსენებია საბჭოთა და რუსი სამხედროები და თქვა, რომ დღესაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე.
"მე აქცენტი მქონდა პარალელზე - 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, იმიტომ რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს "დიპ სტეიტი", ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა "კაგებე". მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა "კაგებეს" მეთოდებით მოქმედებს "დიპ სტეიტი". რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს, ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოლიტიკა მომავალშიც", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი.
მან თქვა, რომ "გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ, კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად, ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით".