
პარტიები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ
07/04/2025 15:00:59 პოლიტიკა
"ოცნების" ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, პოლიტიკური პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ.
პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები წარედგინა.
"საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, რა დროსაც შესაძლებელია კანონის მოთხოვნის (არ მიიღონ შემოწირულება პოლიტიკურმა პარტიამ და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირმა) გვერდის ავლა, კერძოდ, საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით განახორციელოს პოლიტიკური პარტიისთვის და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის შემოწირულება. ამდენად, მნიშვნელოვანია წინამდებარე საკითხი დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე". - ნათქვამია "ოცნების" ინიცირებული პროექტის გამნარტებით ბარათში.