
კრემლის პროპაგანდისტი დავით ცეცხლაძე დელეგაციასთან ერთად თბილისში ვიზიტს გეგმავს
07/04/2025 12:48:15 პოლიტიკა
რუსეთის ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, პუტინის "ეროვნებათაშორისი საბჭოს" წევრი, კრემლის პროპაგანდისტი დავით ცეცხლაძე დელეგაციასთან ერთად თბილისში "სამუშაო ვიზიტს" გეგმავს.
"მზადდება ჩვენი ვიზიტი საქართველოში, ვაგრძელებთ მომავალი თაობების საკეთილდღეოდ ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების გამყარების გზების ძიებას - ასე იყო ყოველთვის, ასე იქნება მომავალშიც" - განაცხადა რუსეთში მოღვაწე პრორუსმა ქართველმა პოლიტიკოსმა "რუსეთის ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ფედერაციის" ონლაინ-თათბირის მსვლელობისას.
ამასთან, ცეცხლაძემ მორიგი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული განცხადებები აკეთა, მათ შორის - იმის შესახებ, თითქოს "უამრავი ქართველი დასავლეთის ქვეყნებს ტოვებს და რუსეთს ირჩევს როგორც საცხოვრებლად, ისე დასაქმებისთვის".
"რუსეთის ფედერაციაში მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მოქალაქეების ნაკადის ზრდისთვის. სადღეისოდ ეს ნაკადი უკვე იზრდება და აუცილებელია, ვიზრუნოთ რუსეთში ამ ადამიანების ინტეგრაციაზე. სავიზო რეჟიმის გაფართოებამ, უვიზოდ სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობამ ახალი სამიგრაციო იმპულსი მისცა საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველთვიურად საქართველოდან რუსეთში სულ უფრო მეტი მოქალაქე გადმოდის", — ირწმუნება პრორუსი ქართველი, თუმცა რას ეყრდნობა ამ სიცრუის ტირაჟირებისას და რა სტატისტიკურ მონაცემებს იყენებს საამისოდ - არ აკონკრეტებს.
ცნობისთვის: ოკუპანტი რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს შემოღებული სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისს გააუქმა. იმავე დროს განახლდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაც. 2024 წლის ოქტომბერში კი პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლისა და გასვლის წესები გაუმარტივა, მათ შორის - სწავლისა და დასაქმების მიზნით.