
„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა
07/04/2025 11:36:24 პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა. მას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.
"რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარეს კენჭი. სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.
კენჭისყრამდე, კანდიდატებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.
ახლად დამტკიცებულმა მთავრობის თავმჯდომარემ - სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - დავით გაბაიძესა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობით, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ ქვეყნისა და რეგიონისთვის.
პლენარულ სხდომამდე, საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომები, სადაც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები წარმოადგინა“, - ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: სულხან თამაზაშვილი, რომელიც მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 4 აპრილს 20:00 საათზე საზოგადოებას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წარუდგინეს.
დიდი ბრიტანეთმა თამაზაშვილს და შსს-ის რამდენიმე მაღალჩინოსნს სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციები დაუწესეს, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც გადადგომის შესახებ 4 აპრილის დილას "ფეისბუქით" ამცნო საზოგადოებას, საღამოს გამართულ ბრიფინგს, სადაც მას მადლობა გადაუხადეს და თამაზაშვილი წარადგინეს, საერთოდ არ დასწრებია.
რიჟვაძის გადადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გრიგოლ ბესელიამ.
იგი გიორგი ბუხრაშვილმა შეცვალა, რომელიც აქამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
შსს-ს პრესცენტრში თქვეს, რომ ცვლილების საფუძველი როტაციაა.
სად გააგრძელებს რიჟვაძე მუშაობას ჯერ უცნობია.